ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ

„ქართული ოცნება” საზოგადოების წინაშე წარდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმატების მიღწევა ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე შეუძლებელია.

“მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების ხელმძღვანელებს, პარტიის წევრებსა და მარდამჭერებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, ექიმებს, პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც თქვენი მოღვაწეობითა და შრომით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებაში.

როგორც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსს, მაქვს პატივი, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო.

პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების” წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე.

ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება” საზოგადოების წინაშე წარდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.

წარმატების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე. ჩვენი პარტია, მისი თითოეული წევრი ამაყობს იმით, რომ „ქართულ ოცნებას” ჰყავს გამორჩეული ლიდერი, უანგარო ქველმოქმედი და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა მოუტანა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები