მეუფე შიო: როგორც ჩანს, სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი, როგორც მწარე წამალი, საიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ცხოვრების აზრზე
“ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ”,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოყვასისთვის ლოცვა აუცილებელია.
“არის ასეთი ამბავი – უფალი იესო ქრისტე მიბრძანდება და ქადაგებს ერთ ოჯახში. მასთან მიჰყავთ მრავალი სნეული, ერთ-ერთი იყო პარალიზებული, რომელიც ოთხმა მეგობარმა თავის საწოლიანად მიაბრძანა უფალთან. როდესაც უფალმა დაინახა მათი სარწმუნოება, უთხრა, შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ვილოცოთ მოყვასისთვის. სიყვარული აუცილებელია უფლისგან წყალობისთვის. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ. შემდეგ, სნეულს უფალი ეუბნება, აიღე საწოლი და გაიარე. მაშ, რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, ეს იყო პარალიზებული ადამიანის სულიერი თვისება, მისი სინანული. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა ვთქვათ სწორად აღსარება. ამ ადამიანს ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაგრამ უფალმა დაინახა, მის სულში როგორი ფერისცვალება მოხდა, რადგან პატიობს ცოდვებს.
როგორც ჩანს, სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი, როგორც მწარე წამალი, საიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ცხოვრების აზრზე, ჩვენს შეცდომებზე. საბოლოო ჯამში, სახარება გვეუბნება, რომ უმთავრესია, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისთვის. ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს“, – განაცხადა მეუფე შიომ.