მიხეილ ყაველაშვილი: 2012 წლიდან რა არჩევნებიც ჩატარდა, დამაჯერებლად იმარჯვებს„ ქართული ოცნება” და ამ არჩევნებშიც ანალოგიური იქნება
„რამდენადაც აქტუალურია კვლევები, მუდმივად აყალბებდა კვლევებსაც და შედეგებსაც ოპოზიციაში, რთულია კვლევის შედეგების შეფასება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად დამკვეთისა, ამ კვლევებშიც „ქართული ოცნება”ლიდერობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევები აცდენილია, ამ კვლევებშიც კი „ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობასა” და თვითონ იმ პარტიას, რომლის დაკვეთასაც ეს კვლევა ასრულებს, 8-10-ჯერ უსწრებს. ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციისთვის, ნამდვილად არ არის სახარბიელო მათი მდგომარეობა. რაღაცები არჩევნების შემდეგ დალაგდება”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის ამ კვლევებს არცერთ ნაწილში არ ენდობა.
„ამ კვლევას საერთოდ არ ვენდობი, არც პანდემიის შეფასების ნაწილში. პანდემია მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ხალხის გასაჭირზე და ჩვენ ჩვენი ადეკვატური შეფასებები გვაქვს პირველი დღიდან, როცა პანდემია გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ზუსტად ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რეალურად შევაფასოთ სიტუაცია. როცა ახალი დაწყებული იყო პანდემია, ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი მოაწყო, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი ქვეყანაა და რა გამოვიდა? როგორი აცდენა იყო? ასე რომ აფასებს ოპოზიცია მოვლენებს, შეუძლებელია, მასთან ადეკვატური ურთიერთობები გვქონდეს. ყველაზე კარგი კვლევა არის არჩევნები. 2012 წლიდან რა არჩევნებიც ჩატარდა, დამაჯერებლად იმარჯვებს„ ქართული ოცნება” და ამ არჩევნებშიც ანალოგიური იქნება”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.