სკოლებში სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ონლაინსწავლებასა და საკლასო სწავლებას ერთობლივად ითვალისწინებს
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, გარკვეულწილად, ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად – საკლასო სწავლებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
„ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ამ კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის. რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, რომ ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, გარკვეულწილად, ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად – საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს, განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინმექანიზმის გამოყენება, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.