2017 წლის 24 დეკემბერი, ანაკლია, შავი ზღვის სანაპირო – ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საზეიმო ღონისძიებაზე ანაკლიის პორტის მშენებლობას უყრიან საფუძველს და, სიმბოლურად, პირველ ნიჩაბსაც ასობენ სამშენებლო მოედანზე. პროექტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო და პორტს პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის (ანუ დიდი საკონტეინერო) გემები უნდა მიეღო. პორტის მაქსიმალურ გამტარუნარიანობად 100 მილიონი ტონა განისაზღვრა, თუმცა სპეციალისტების, გათვლებით, თავდაპირველად პორტი, დაახლოებით, 30 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავებას შეძლებდა.
დღეის მდგომარეობით, მომავალი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ვალდებულებების შეუსრულებლობის მომიზეზებით (მშენებლობისათვის საჭირო თანხის – $400-მილიონიანი სესხი, $120 მილიონი საკუთარი კაპიტალი ) მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და ახალ ინვესტორს ეძებს. არსებობს ეჭვი, რომ მთავრობამ ეს გარე ძალების ზემოქმედების შედეგად გააკეთა და ეკონომიკური მდგენელი, ანუ კონსორციუმის მიერ ფულადი რესურსის ვერმოძიება აქ არაფერ შუაშია. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ ანაკლიაში სამი დიდი პოლიტიკური აქტორის, რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები გადაიკვეთა და მთავრობამ არჩევანი, დიდი ალბათობით, ჩინეთზე გააკეთა.
„ჩინეთის მთავარი ინტერესია, დაამყაროს ყველა იმ პორტზე კონტროლი, რომელიც „ერთი გზა ერთის სარტყელის“ აბიციური პროექტის არეალში ექცევა. ჩინეთმა, ფაქტობრივად, უკვე შეიძინა ვენეციის პორტი, მის განკარგულებაშია პირეოსი საბერძნეთში, ასევე, პაკისტანის პორტები. მოლაპარაკებებს აწარმოებდა კონსტანტას პორტის შეძენაზეც. საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები ჩადო აქტაუში, ყაზახეთის პორტში“, – აცხადებს მაისაია.
მისი თქმით, შემთხვევით არ არის, რომ საგზაო სამუშაოებს რიკოთის უღელტეხილზე ჩინური კომპანია აწარმოებს. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში დაკავშირებულია „ერთი გზა ერთი სარტყელის“ პროექტის რეალიზაციასთან, რომელშიც ჩინეთი 400 დან 600 მილიარდ დოლარამდე აბანდებს და საიდანაც ტრილიონიან მოგებას ელოდება.
როგორც მაისაია აცხადებს, შარშან ჩინელი მაღალჩინოსნების ვიზიტი საქართველოში სწორედ ანაკლიის პორტის მომავალთან იყო დაკავშირებული. მაისაიას თქმით, ამ ვიზიტის გამოძახილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მყისიერი რეაქცია, როცა მან ანაკლიაში ჩინელების გამოჩენა “არამიზანშეწონილ გარემოებათა კატეგორიად” გამოაცხადა.
„ამერიკელებს აქვთ თავიანთი ინტერესი აქ. ისინი ახორციელებენ სამი ზღვის კონცეფციას. ეს ამერიკისა და პოლონეთის ერთობლივი პროექტია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს. იგულისხმება ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვები. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს ანაკლიაში. მათი ინტერესესის სფეროში შედიოდა ანაკლიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა და, ასევე, ღრმაწყლივანი პორტი იძლეოდა საშუალებას, რომ აქ დიდი წყალწევის ამერიკული სამხედრო გემები შემოსულიყვნენ“, – აცხადებს მაისაია.
მაისაიას მოსაზრებით, ამერიკის კონგრესიდან წამოსული კრიტიკული წერილები გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დატოვა ამერიკულმა კონტი ჯგუფმა. მაისაიას თქმით, დიდი ალბათობით, ეს ფაქტი ამერიკელებმა საკუთარი ინტერესების უგულებელყოფად აღიქვეს და რეაქციამაც არ დააყოვნა.
მაისაია ვარაუდობს, რომ ანაკლიის პორტთან მიმართებით ისევ ჩინური ინტერესები გადაწონის და ამიტომაცაა, რომ ამერიკიდან წამოსულ კრიტიკას ხელისუფლება დიდად არ განიცდის.
„ჩინეთთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჩინური ინვესტიციები გაცილებით მეტია საქართველოში, ვიდრე – ამერიკული. ჩინეთი ახორციელებს ჩვენი ოკუპირებული და სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. ამავდროულად, არ არის დაინტერესებული კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ხელისუფლება ჩინეთის სახით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ახალი აქტორის შემოყვანას ცდილობს“, – აცხადებს მაისაია.
მაისაიას მოსაზრებით, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების ეს არჩევანი, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ფაქტია, რომ ბოლო წლებში აშშ – ჩინეთის დაპირისპირება იზრდება და ეს საქართველოსთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.
„ამერიკელებისგან უკვე გვაქვს “ყვითელი ბარათი” და თუ სწორი ბალანსი ვერ მოინახა, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება“, -აცხადებს მაისაია „კვირასთან“ საუბარში.
რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს ანაკლიაში. მაისაიას მოსაზრებით, ანაკლია რუსეთისათვის კონკურენტია და, პირველ ყოვლისა, ფოთის პორტისთვის, სადაც, როგორც მაისაია ამბობს, რუსული წარმომავლობის საკაოდ დიდი ფინანსური კაპიტალია ჩადებული. მაისაიას თქმით, საუბარია ერთერთ ტერმინალზე, რომლის 49 % -იანი წილის მფლობელი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიაა.
საინტერესოა ისიც, რომ სანამ საქართველოში ანაკლიის პორტის ახალ ინვესტორს ეძებენ, რუსეთმა ქერჩის სრუტეში ტამანის პორტის დაღრმავების სამუშაოები თითქმის დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ტამანის პორტის No. 1 ნავმისადგომი სამხრეთ რუსეთში იქნება პირველი, რომელიც 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. არსებობს მოსაზრება, რომ ტამანი ჯერ კიდევ აუშენებელი ანაკლიის კონკურენტად ყალიბდება. თუმცა, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი – პაატა ცაგარეიშვილი „კვირასთან“ საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე, ტამანი ანაკლიის კონკურენტი ვერ იქნება იმის გამო, რომ ტვირთები, რომლებსაც ეს პორტები უნდა მოემსახურონ, სხვადასხვა პროფილისაა.
ცაგარეიშვილის თქმით, ანაკლია კონტეინერების მიღება – გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული მაშინ, როცა ტამანი, ძირითადად, ე.წ. მშრალი და ნაყარი ტვირთების, მაგალითად, ქვანახშის, სასუქების, მარცვლეულსა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და რკინის კონსტრუქციების მომსახურებაზეა მომართული. თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ტამანის პორტში, რომელიც დიდწილად სახელმწიფოს ფულით შენდება, კერძო ინვესტორები მილიონ-ნახევარი კონტეინერის მომსახურებაზე ორიენტირებული ხაზის გამართვასაც გეგმავენ და, დაახლოებით, 5-7 წლის შემედეგ ტამანი ანაკლიის კონკურენტი ნამდვილად გახდება. ცაგარეიშვილის მოსაზრებით, ანაკლია და ტამანი კუნკურენტები გახდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ ანაკლიაში ნაყარი ტვირთების მომსახურებაც დაიწყება.
როგორც ირკვევა, ტამანში უკვე გადაწყვეტილია მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მსხვილი საპორტო ოპერატორის, არაბული DP World -ის შემოსვლა. არაბები საკუთარ თავზე იღებენ როგორც ფინანსურ, ასევე, ტვირთებით უზრუნველყოფას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცაგარეიშვილის მოსაზრებით, საუბარი იმაზე, რომ ტამანი ექსპულატაციაში შევიდა და ანაკლიას პერსპექტივა აღარ აქვს, არამართებული და მცდარია. ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ანაკლიის პორტის ეკონომიკური მნიშვნელობის გათავისება და ის აუცილებლად აშენდება.