„1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს“, – გამახარია ბჟანიას განცხადებას ეხმაურება
“ეს არ არის რიგითი განცხადება, უბრალო მოვლენა”, – ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბოლო განცხადებას, რომელიც საქართველოსთან დიალოგს ეხება.
როგორც ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს.
„ბჟანიას განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა. ეს მისი მხრიდან პირველი განცხადებაც არაა. მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის რიგითი განცხადება, უბრალო მოვლენა. მე პირადად, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმიტომ კი არა, რომ ახლა ავშენდით და პრობლემა მოხსნილია, მე ვგულისხმობ იმ რეაქციას, რომელიც ამან აფხაზურ საზოგადოებაში გამოიწვია. დღეს აფხაზურ საზოგადოებაში განხილვის ნომერ პირველი თემა საქართველოსთან ურთიერთობა გახლავთ. ძალიან ბევრი ადამიანი ამას მხარს უჭერს, ბუნებრივია, არიან მოწინააღმდეგეებიც. 1993 წლის შემდეგ პირველად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. მარტო ამის გამო იმსახურებს ბჟანიას განცხადება ძალიან დიდი ყურადღებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბატონი ბჟანია საქართველოს პრეზიდენტი იქნება თუ პრეზიდენტი, მიუსხდებიან მაგიდას და მოაწერენ ხელს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, მაგრამ მე პირადად ძალიან მინდა, ეს განცხადება ორივე მხარისთვის მისაღები, ძალიან დადებითი შედეგით დამთავრდეს.
მე პირადად ასე მესახება: მიმდინარეობს ჟენევის კონსულტაციები, როცა განახლდება, შესაძლებელია, ჟენევაში ყველა მონაწილემ ერთობლივად გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთის წინააღდეგ ძალას არ გამოიყენებენ. ფორმატში მონაწილეობენ აფხაზებიც, ასევე, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პირველი ნაბიჯი შესაძლოა, ეს იყოს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ცნობისთვის, ბჟანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინპრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეები დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს. პრობლემა ჩვენში არ არის. ჩვენ ვაღიარებთ ქართულ სახელმწიფოს, ვაღიარებთ იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსგან გამომდინარეობს. თუმცა სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა. ვფიქრობ, ის არაკონსტრუქციულია.
ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, თუმცა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მოგვცემს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბჟანიამ.
თამუნა შეყილაძე