“გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა, კვლავ რეანიმაციაშია” – გუგა ქაშიბაძის კომენტარი

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, კვლავ რეანიმაციაში რჩება.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ აღენიშნება.

“მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, კვლავ რეანიმაციაში იმყოფება პაციენტი. გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია გვაქვს. მთავარია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებისკენ არ არის წასული”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

​შეგახსენებთ, გოგონას სხეულის 37 პროცენტი ჰქონდა დამწვარი​ და ქვემო კიდურებისა და ბარძაყების დამწვრობა აღენიშნებოდა.
​ცნობისათვის, შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
​ამასთანავე, ​​მამაკაცის მიმართ, რომელმაც გოგონას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები