სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი და საქართველო – რა სამხედრო პოტენციალი აქვთ დაპირისპირებულ მხარეებსა და მათ მოკავშირეებს

შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო ფართი მასშტაბებს იღებს. მძიმე არტილერიასთან ერთად, სამხედრო დაპირისპირებაში სარაკეტო შეიაღაღებაც ჩაერთო. თუ დაპირისპირებული მხარეების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დავუჯერებთ შეტაკებების დაწყებიდან, ანუ 12 ივლისიდან დღემდე ორივე მხრიდან ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და დაიღუპა.
როგორ განვითარდება მოვლენები და რა მასშტაბებს მიიღებს სამხედრო დაპირისპირება, ამის პროგნოზირება ანალიტიკოსებს, ჯერჯერობით, უჭირთ. სამხედრო საქმის სპეციალისტი და ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ საქმე ჯერ ლოკალურ ომამდე მივიდეს, ხოლო შემდეგ რეგიონალურ ომშიც გადაიზარდოს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაისაიას აუცილებლობად მიაჩნია, რომ საქართველომ სტატიკური დამკვირვებლის სტატუსზე უარი თქვას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ფუნქცია იკისროს. მაისაიას თქმით, მსგავსი გამოცდილება საქართველოს აქვს. როგორც ანალიტიკოსი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, 1918 -1920 წლებში სწორედ საქართველო იყო ერთერთი ის ქვეყანა, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის განმუხტვაში დიდი წვლილი შეიტანა. მაისაიას თქმით, დაპირისპირებული მხარეები, განსაკუთრებით – სომხეთი, შუამავლების საქმიანობით უკმაყოფილოა და საქართველოს გააქტიურების შანსი აქვს. რაც შეეხება სომხეთის უკმაყოფილებას შუამავლებითა და მოკავშირეებით. ადგილობრივ მედიაში უკვე გაჩდა სტატიები, სადაც რუსეთი და ОДКБ-ს სხვა წევრები მკაცრად არიან გაკრიტიკებულები უმოქნედობის გამო. სოხეთი განსაკუთრებით გააღიზიანა ირანის ოფიციოზის მიერ აზერბაიჯანისათვის გაგზავნილმა სამძიმრის წერილმა, რომელშიც ირანელებნა კონფლიქტში დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცები გმირებად მოიხსენიეს.

„აი, ვინც იმედი გაგვიცრუა, ეს ირანია. ირანმა მხარი, ფაქტობრივად, აზერბაიჯანს დაუჭირა. თუმცა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სანქციების ქვეშ მყოფი ირანისთვის ერთადერთ ფანჯარას მსოფლიოში სომხეთი წარმოადგენდა. და რა მივიღეთ საპასუხოდ? – ირანის მხრიდან შავი უმადურობა და რელიგიური და ისტორიული სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ. რას იზამ, გაკვეთილი იქნება ჩვენთვის. აწი, არ ღირს ვინმეს გულისთვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დათმობა. სრულიად პირდაპირ ვაცხადებ, ერევანში ამას დაიმახსოვრებენ და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ, რომელიც არ მოეწონებათ სპარსელებს. მაგრამ ეს უკვე მათი პრობლემაა და ეს ჩვენ არ გვეხება“, – წერს სომეხი ჟურნალისტი და ბლოგერი, ტევოს არშაკიანი.
სომხურ და სხვა უცხოურ მედიაში გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, სომხეთის სამხედრო შენაერთების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა პირდაპირ უკავშირდება მოსკოვს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს თურქეთზე ზეწოლისათვის კეთდება, რომელმაც დაანგრია მოსკოვის გეგმები ლიბიაში, მანამდე კი – სირიაში. კრემლის ცდილობს მესამე ფრონტის გახსნასა და თურქეთის ძალებისა და ყურადღების გადატანას ლიბიიდან და სირიიდან. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარამ, ფაქტობრივად, უარი თქვა რუსულ ნავთობსა და გაზზე. 2020 წელს თურქეთმა ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთიდან თითქმის 70 %-ით შეამცირა.

სამხედრო საქმის სპეციალისტისა და ანალიტიკოსის, ამირან სალუქვაძის მოსაზრებით, მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ლოკალურ ან რეგიონალურ ომში გადაზრდის ალბათობა არც ისე მაღალია. როგორც სალუქვაძემ „კვირას“ განუცხადა, შედარებით მაღალი ინტენსივობის სამხედრო დაპირისპირებას თავისი ნიშნები აქვს და ეს ნიშნები ჯერ არ ჩანს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი შესაძლოა, ერთმა რაიმე განსაკუთრებულმა მოვლენამ გამოიწვიოს, მაგრამ ეს უფრო გარე ფაქტორი იქნება, ვიდრე – შიდა.
„რუსეთს არ აწყობს ამ კონფლიქტის მოგვარება არც მშვიდობიანად, არც – ომით. რუსეთს ურჩევნია, ორივე ქვეყანაზე ჰქონდეს გავლენა, ორივე ქვეყანასთან ჰქონდეს იარაღით ვაჭრობა და ეს სტატუს-კვო მქსიმალური ვადით შეინარჩუნოს“, – აცხადებს სალუქვაძე.
რა მასშტაბები შეიძლება, მიიღოს კონფლიქტმა და როგორია დაპირისპირებული მხარეებისა და მათი მოკავშირეების სამხედრო პოტენციალი

ანალიტიკური კომპანია Global Firepower -ის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს არმიების რეიტინგს, მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის აზერბაიჯანის არმიას 64 -ე ადგილი უკავია, ხოლო სომხეთისას – 111-ე. სომხეთის მოკავშირე რუსეთი რეიტინგში მეორეა, ხოლო აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი – მეთერთმეტე.
Global Firepower-ის მონაცემებით, დღეისათვის აზერბაიჯანს 367 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. აქედან 300 – რეზერვში, ხოლო 67 ათასი – სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. სულ აზერნაიჯანში სამხედრო სამსახურით მთელი მოსახლეობის 3.2 % დაკავებული.
სომხეთს 245 ათასი ლარისკაცის მობილიზება შეუძლია. აქედან 200 ათასი ტეზერვია. სამხედრო საქმიამობას სომხეთში მოსახლეობის 8.1 % ეწევა.
აზერბაიჯანს უპირატესობა აქვს ავიაციაშიც. 136 თვითმფრინავი და ვერტმფრენი – 64 საფრენის საშუალების საპირისპიროდ. სომხეთს საერთოდ არ ჰყავს გამანადგურებლები მაშინ, როცა აზერბაიჯანის განკარგულებაში 17 ასეთი თვითმფრინავია. მოიერიშე ავიაციაში თანაფარდობა 30-9-ზეა  – ისევ აზერბაიჯანის სასარგებლოს. სომხეთს საერთოდ არ ჰყავს სამხედრო ვერტმფრენები, აზერბაიჯანის შეიარაღებაში 17 მოიერიშე ვერტმფრენია.

რაც შეეხება სახმელეთო ჯარებს. აზერბაიჯანს 655 ტანკი, 1671 საბრძოლო მანქანა, 419 საარტილერიო დანადგარი და 182 სარაკეტო კომპლექსი აქვს. სომხეთს სულ 110 ტანკი, 500 საბრძოლო მანქანა, 213 საარტილერიო დანადგარი და 70სარაკეტო კომპლექსი აქვს. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 512 მილიონი დოლარია, ხოლო აზერბაიჯანსი არმიას მილიარდ 600 მილიონი დოლარით აფინანსებს. საინტერესოა, რომ კორონავირუსისა და რეცესიის პირობებშიც კი რუსეთი თავის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების დაფინანსება რუსეთმა 14 %-ით გაზარდა. 36 %-ით გაიზარდა ბირთვული შეიარაღების დაფინანსება, ხოლო ახალი იარაღის შექმნა დამუშავებაზე გამოყოფილი თანხები 10 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები