აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადების გამო, სომხეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი, ივან კულება დაიბარეს. ამის მიზეზი 13 ივლისს უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია – “მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას შეფასება მისცა”.
გარდა ამისა, ქოჩარიანმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია “აზერბაიჯანის აგრესიული ქმედების შედეგად შექმნილ ვითარებაზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშზე, ასევე, სამოქალაქო პირებზე მუდმივ თავდასხმაზე”.
13 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული მხარე მხარს უჭერს ვითარების პოლიტიკურ მოგვარებას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.