მარიამ ჯაში: მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას – ნუ ავნებთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებით
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მხარი არ დაუჭირა.
მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ფრაქცია ” დამოუკიდებელი დეპუტატების” დაფუძნების დღიდან და ახლად შექმნილი პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” დაფუძნების პირველი დღიდან მთავარი მესიჯი გახლავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური ფრაქცია და ახლადშექმნილი პარტია, ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად უაღრესად მნიშვნელოვანი. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ ჩვენი პოზიცია, თუ ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონპროექტს, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე ჰუმანური, ჩემთვის ყველაზე მშობლიური დარგი – ჯანდაცვა ხდება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯის საფუძველი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე აკვირდება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე რომელი სახელმწიფოები არიან დემოკრატიულად მოაზროვნენი და ხდება აქტიურად დაკვირვება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და რომ საქართველო ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო პრაქტიკაში.
“ამდენად, ყველა სამედიცინო თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით გამართლებულ ნაბიჯში მიგულეთ თანამოაზრედ, მაგრამ მე ვერასოდეს გავხდები თანამოაზრე ანტიკონსტიტუციური კანონისა, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს და ასევე მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებით!”, – მიმართა მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობას.