მეორე დღეა, სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. არიან დაჭრილები და დაღუპულებიც. შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანის თაუზის რაიონში 12 ივნისს დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმედ გაჯიევი მომხდარში სომხეთს ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი სომხეთის მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაცია გახდა. როგორც გაჯიევი ამტკიცებს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყოველგვარი მიზეზისა და წინაპირობის გარეშე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და აზერბაიჯანის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. განსხვავებული ვერსია აქვს სომხურ მხარეს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავით ტოტოიანის განმარტებით, სროლის დაწყებამდე სომხეთის საზღვარს აზერბაიჯანის მხრიდან „უაზის“ მარკის ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც გადმოსულმა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარი გადმოკვეთეს. როგორც ტოროსიამა lenta.ru -სთან საუბარში აღნიშნა, სომხური მხარის მოთხოვნით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტერიტორია მალევე დატოვეს, თუმცა, მოულოდნელად, აზერბაიჯანმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ უკვე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე, აშშ-მა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ირანმა, თურქეთმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა. განსაკუთრებით კატეგორიული იყო თურქეთი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ დავითოღლუმ სომხეთს გონზე მოსვლა ურჩია და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლებლობით აზერბაიჯანის მხარესაა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, “ყველა შესაძლებლობაში” დავითოღლუმ სამხედრო ძალაც იგულისხმა, თუმცა, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი – გაჯიევი lenta.ru -სთან საუბარში აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. მისი თქმით, აზერბაიჯანი, მისი მოკავშირეები და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება აცნობიერებს იმ ფატალურ შედეგებს, რაც კონფლიქტის ესკალაციამ შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში და მთლიანად – მსოფლიოში. უფრო პესიმისტური მოლოდინი აქვს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის. როგორც ის „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, ჯერჯერობით, ყველაფერი ესკალაციისკენ მიდის.
„ რასაც ვხედავთ, ყველაფერი ესკალაციისკენ მიდის. რა მასშტაბებს მიიღებს კონფლიქტი, ამ დღეებში გამოჩნდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი ჩართულობაა ორივე მხრიდამ. საკმაოდ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა თურქეთმა, რაც ბუნებრივა. თუმცა მთავარია, რას იზამს რუსეთი. რუსეთი არის ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს წევრი და მას აქვს სომხეთის დაცვის ვალდებულება აღებული. ჩვენთვის მთავარი საფრთხე აქ არის ის, რომ რუსეთმა კონფლიქტის ესკალაციის პირობებში შესაძლოა, საქართველოსგან სამხედრო კორიდორის გახსნა მოითხოვოს“, – აცხადებს ბატიაშვილი. მისი თქმით, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების პირობებში რაიმე პროგნოზის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
როგორც ცნობილია, სომხურ – აზერბაიჯანული დაპირისპირება 28 წლის წინ ყარაბაღში, სომხური ვერსიით არცახში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წელს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 1994 წელს ბიშკეკში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებით შეჩერდა. მას შემდეგ კონფლიქტის დარეგულირებას ეუთო-ს ეგიდით აქტიურად ცდილობენ რუსეთი, საფრანგეთი და აშშ, თუმცა რაიმე პროგრესის მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. მეტიც, 2016 წელს დაწყებულ მორიგ სამხედრო დაპირისპირებას, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა, გაერო-ს მონაცემებით, 33 ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაიჭრა. განსხვავებული სტატისტიკა აქვთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, 4-დღიან ომში მათ 400 სომეხი ჯარისკაცი გაანადგურეს. 300 აზებაიჯანელი სამხედროს განადგურებაზეა საუბარი სომხეთის სამხედრო უწყების ანგარიშში.