„თელიასონერას” წერილი „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ გამომდინარეობს „თელიასონერას” ბიზნესსტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს”, – ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას” პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესა და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, როგორც ჩანს, კომპანია „მაგთიკომის” 54% წილის მფლობელ გია ჯოხთაბერიძეს აღნიშნული გარემოება ან დაავიწყდა, ან განგებ იცრუა 10 ივლისს პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც კომპანია „თელიასონერას” საქართველოს ბაზრიდან გასვლა მოქმედი თავმჯდომარის, კახა ბექაურის საქმიანობას დაუკავშირა.
“გიორგი ჯოხთაბერიძის სიცრუის ტირაჟირება მედიამ ისე მოახდინა, რომ „თელიასონერას” ბაზრიდან გასვლის რეალური მიზეზი არ დაუსახელებია და კომპანიის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება საზოგადოებისთვის არ შეუხსენებია.
რეალობა კი ასეთია, კომპანია „თელიასონერა” არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთლიანად რეგიონიდან გავიდა და ეს გადაწყვეტილება 2015 წელს შვედეთისა და ევროპის ბიზნესრეგიონებში კომპანიის ახალ სტრატეგიას უკავშირდებოდა, რაზეც კომპანია საჯაროდ საუბრობდა.
მას შემდეგ, რაც „თელიასონერას” ევრაზიის რეგიონიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, ასევე, ნეპალიდან და საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა კომპანიას წერილით მიმართეს, სადაც „თელიასონერას” რეგიონის ბაზრიდან გასვლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სახელით წუხილი გამოთქვეს. წერილის საპასუხოდ, „თელიასონერა” საქართველოდან გასვლის მიზეზებს განმარტავდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მათთვის ძალიან გამჭვირვალე და კონკურენტული იყო”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
„თელიასონერას” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, იოჰან დენელინდი წერილში საქართველოში არსებულ კონკურენტულ გარემოზე საუბრობს და ქვეყნის მიმართ ნდობას აფიქსირებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ბიზნესსაქმიანობისთვის მდგრად და მომგებიან შესაძლებლობას წარმოადგენდა მათთვის.
„კომპანია „ჯეოსელმა” მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღო საქართველოში ყოფნის პერიოდში. ჩვენ განვითარებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა სახელმწიფო კურსმა და პოლიტიკამ, რომელიც სრულად მიმართულია უფრო გამჭვირვალე და უფრო კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო ბიზნესისთვის საქართველო გახდა უფრო მიმზიდველი და ამის კარგი კატალიზატორი ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება გახდა”, – წერია „თელიასონერას” წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის პრეზიდენტი, იოჰან დენელინდი აწერს.