აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაპირისპირებას გმობს და მხარეებს ძალის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მორგან ორტეგუსის განცხადებაშია ნათქვამი.
“დაუყოვნებლივ მოვუწოდებთ მხარეებს შეწყვიტონ ძალის გამოყენება, ისარგებლონ პირდაპირი კომუნიკაციის არხებით, რომ ესკალაციის არიდება მოხდეს, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი შეინარჩუნონ”,- ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში დაეხმაროს. ასევე, მოუწოდებს მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.