ილია მეორე: როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის

“წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, სვეტიცხოვლობას, თორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალზე, ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო  ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ  მადლობა უნდა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ ცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ, თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარულნი და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს, მემგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვითა და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისა და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა, დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესეც, საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ, გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოსა და მთელს მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები