მედია – ოკუპირებული აფხაზეთის “ჟურნალისტთა კავშირი” “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ასოცირებული წევრი გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის “ჟურნალისტთა კავშირი” 9 ივლისს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ასოცირებული წევრი გახდა.

როგორც “აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის” ე.წ. თავმჯდომარე რუსლან ხაშიგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში მოხვედრა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ორი წლის წინ შეთანხმება “რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან” შედგა.

აფხაზური ინტერესების ლობირებით, “რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის” ხელმძღვანელი, ვლადიმირ სოლოვიოვი და რუსეთის კავშირის მდივანი და “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” ვიცეპრეზიდენტი, ტიმურ შაფირი იყვნენ დაკავებულნი.

რუსლან ხაშიგი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში მოხვედრა “რესპუბლიკაში” დამოუკიდებელი მედიის არსებობის შედეგად მოხერხდა, რაც “აფხაზური ჟურნალისტიკის აღიარებაა”.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დღეს 500 ათასზე მეტ ჟურნალისტს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოადგენს. ფედერაციის მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, პროფესიონალიზმი და სხვა კრიტერიუმები.

რაც შეეხება “აფხაზეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას” – ეს რთულად წარმოსადგენია “დამოუკიდებელ რესპუბლიკაში”, სადაც ყველასა და ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ – იმ ქვეყნის სპეცსამსახურები, სადაც სიტყვის თავისუფლება ფუფუნებას წარმოადგენს და სიმართლის თქმა დასჯადი შეიძლება, იყოს (სხვადასხვა სამართლებრივი მიზეზით).

რაც შეეხება თავად “აფხაზური დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის” ლობისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს – ეს ის ჟურნალისტია, რომლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პეტიციამ მაისში 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.

სოლოვიოვის წინააღმდეგ პეტიცია იტალიელმა სასულიერო პირმა იტალიის შს მინისტრს სახელით მოამზადა.

მამა სერგი პეტიციაში წერდა – “სოლოვიოვმა აგრესიული რიტორიკით ბევრ ახალგაზრდას უბიძგა კერძო სამხედრო ნაწილში გაწევრიანებისკენ და შემდგომ ისინი ძმათამკვლელ ომს აწარმოებდნენ უკრაინასა და სირიაში. ტელეწამყვანის განცხადებები ქსენოფობიისა და ექსტრემიზმის შემცვლელია და დაუსჯელი ხდება, რადგან ის პუტინის დიქტატორულ რეჟიმთან არის ახლოს”.

ასევე, პეტიციაში აღინიშნებოდა, რომ სოლოვიოვმა იტალიაში უძრავი ქონება შეიძინა და “ტელევიზიის გამოყენებით ევროკავშირისა და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ პროპაგანდას აწარმოებს”.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ევროპის სპეცსამსახურები დიდი ხანია, საუბრობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე, რომელიც ხშირად სოციალურ, ბეჭდურ, ონლიან თუ სატელევიზიო მედიით ხორციელდება. ამ ფონზე, მაგალითად, ლატვიამ და ლიეტუვამ “რაშა თუდეის” ყველა მაუწყებლობა აკრძალა. დასავლეთის ქვეყნები ღიად რუსულ მედიას კრემლის პროპაგანდისტულ მანქანად ასახელებენ და ხშირად ყალბი ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

“ჟურნალისტთა საერთშორისო ფედერაციის” წევრობა, როგორც ხაშიგი ამბობს, ნიშნავს უცხოელ კოლეგებთან კონტაქტებს, სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას. ნიშნავს ეს თუ არა, რომ სოლოვიოვი პროპაგანდისტულ მანქანას ახლა უკვე “დამოუკიდებელი აფხაზური ჟურნალისტიკის” სახით “გააძლიერებს”.

მომხდართან დაკაშირებით საქართველოს ოფიციალური უწყებების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. “კვირა” საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები