სასამართლო მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს

სასამართლო მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ბრალდების მხარემ, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა. მას ბრალი დღეს წარუდგინეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას – ა.ო.ს და პაპას – გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები