“ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში ან დაახრჩვეს და შემდგომ გაატანეს წყალს” – შაქარაშვილის ბიძა
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ნაცემი ფეხბურთელი ან სიცოცხლეში გადააგდეს არაგვში ან დაახრჩვეს და ისე გადააგდეს.
“დადგენილია ექსპერტიზით, რომ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ვინაიდან ეს არ იყო სათანადო სიმძიმის. ცალსახად შეიძლება, ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა მისი დახრჩობა ან დაახრჩვეს და შემდგომი გაატანეს წყალს”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.