ანრი ოხანაშვილი: სტრატეგიული ურთიერთობები რჩება, აშშ არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ურთიერთობები არ გადაიხედება.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

„ოპოზიციას ფუნქციად და როლად წარმოუდგენია ის, რომ ეს არის მათ შორის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება. ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ გააკრიტიკოს კონკრეტული ქმედებები, კითხვის ნიშნები დასვას გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ არის სტრატეგიული საკითხები, სადაც ოპოზიცია, უმრავლესობა და საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს. არ შეიძლება, გარკვეული საკითხი გიხაროდეს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით შეიძლება, ვითარდებოდეს. ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არ უნდა აკეთო, თორემ კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქმედებებს, მოხარული არავინ  არის, მაგრამ იმისთვის ვართ, რომ უმრავლესობა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა იმიტომ გვაქვს აღებული, რომ თუ რაიმე კითხვები არსებობს, პასუხი გაეცეს. საგარეო მიმართულება ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნება. საკითხები არის დასაზუსტებელი და ადეკვატური რეაგირება იქნება. არ ვფიქრობთ, რომ ამას ექნება რაიმე შემდგომი სერიოზული განვითარება და ეს იქცევა დოკუმენტად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე აისახება. სტრატეგიული ურთიერთობები რჩება და ამერიკა არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, რომ ეს ურთიერთობები არ გადაიხედება. თუ კითხვები არის, ჩვენი მხრიდან პასუხები იქნება გაცემული. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ისეთი დემოკრატიული რეფორმები გაატარა, რისი მნიშვნელობისა და ხარისხის რეფორმაც არცერთ წინა ხელისუფლებას არ გაუტარებია. თითოეულ რეფორმაზე ვართ პასუხისმგებელნი. ვერავინ იტყვის, რომ რაიმე ფორმით შეყოვნდა დემოკრატიული რეფორმის გატარება. არის საკითხები, სადაც საჭიროება არის ინტენსიური თანამშრომლობისა. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები