კახა ბექაური: ცვლილებები შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დავიწროვდება და ამაზე საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან პირველივე დღეს მოხდა შეთანხმება.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში ცვლილებები შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას კომისიასთან წინასწარი შეთახნმების გარეშე აქვს ადგილი, ასევე, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს.
„კომიტეტთან ვიმუშავეთ აქტიურად და შევთანხდით, რომ დავიწროვდეს ის გადაწყვეტილებები, რომელთა შეუსრულებისთვის მმართველის მექანიზმი ჩაირთვება. შეთანხმების მიხედვით, ეს შესაძლოა, იყოს როგორც წილის გასხვისებისა და შერწყმის წინასწარ არშეთანხმების საკითხები, ასევე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები. ეს თავისთავად გულისხმობს და კანონში განმარტებულია, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას და თავისთავად სპეციფიკური ვალდებულებები მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს ეკისრება. ეს საერთოდ გამორიცხავს იმ ნაწილსაც, იმ მაუწყებლების ნაწილსაც, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციის კანონით ავტორიზებულები არიან. ამიტომ, თეორიული შანსებიც არ არის არანაირი. არც იყო მანამდე, მაგრამ არც ახლაა“, – განაცხადა ბექაურმა.