კახა ბექაური: ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი
ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიას დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქვს უფლებამოსილება დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია მაუწყებელს.
„დღეს „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი, პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს, ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც ეხება კონცენტრაციას და ამან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მომხმარებლის და ბაზრის ინტერესი“, -განაცხადა კახა ბექაურმა.