„მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია“
“მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.
„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა დესტრუქციული ქმედებებით.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკა განათავსეს, მოხდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, -ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.