საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 73 წევრის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 73 წევრის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „2020 – 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა.

დადგენილების პროექტი კომიტეტში პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ გამოიტანა.

„ახალგაზრდობა დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რაც შეეხება ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, დასაქმებას, ეკონომიკურ გაძლერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს რეფორმა, ეს კომპლექსური საკითხია და ახალგაზრდული პოლიტიკა მოითხოვს სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა უწყების ჩართულობას და კოორდინირებულ საქმიანობას”, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მან დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2019 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი”, რომელმაც გააერთიანა სფეროში მოქმედი სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ტიპის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით და საქართველოში გაეროს ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კომიტეტმა მოამზადა და ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც გამოვლინდა სფეროში არსებული ხარვეზები, განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათი პრიორიტეტები. სწორედ ამის საფუძველზე მომზადდა „2020-2030 წლების სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” პროექტი.

მომხსენებლის თქმით, კონცეფციით განისაზღვრება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტი. ესენია: საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა; ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; მათი ეკონომიკური გაძლიერება და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა.

ირინა ფრუიძემ ისაუბრა ახალგაზრდული კონცეფციის სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ, და აქვე აღნიშნა, რომ ვინაიდან ეს არის კონცეფცია, ჩარჩო დოკუმენტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯებს და აქტივობებს. ეს კონკრეტული აქტივობები უნდა გაიწეროს ახალგაზრდობის სააგენტოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, ამიტომ დღესდღეობით არანაირი ფინანსური გათვლა საბიუჯეტო დანახარჯების შესახებ არ არსებობს. მას შემდეგ, რაც სააგენტო შეიმუშავებს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი სახსრები.

სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)” ცვლილება.

ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების დაფინანსების მიზნით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით დამატებითი თანხების გამოყოფას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები