“გარემოს დამაბინძურებლების მიმართ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომლებიც ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტის იქნება”

“გარემოს დამაბინძურებლების მიმართ ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომლებიც ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტის იქნება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორებისა, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ, ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომლებიც ვფიქრობ, შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი – 10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორებადობისა და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბებები ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა და რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები