კოტ-დივუარის პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გარდაიცვალა
კოტ-დივუარის პრემიერმინისტრი, გონ კულიბალი 61 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი, ალასან უატარა ავრცელებს.
უატარას განცხადების მიხედვით, გონ კულიბალი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შეუძლოდ გახდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღინიშნება, რომ ქვეყნის პრემიერს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობის კურსს გადიოდა.
გონ კულიბალი ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. ის ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2017 წლის იანვრიდან იკავებდა.