ეკა ბერიძე: საზოგადოების ნაწილის მიერ გადამეტებულად მიჩნეული ღონისძიებები, სინამდვილეში გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა იყო და არის

„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი“ – წერს ჟურნალისტი ეკა ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ვერცერთმა მთავრობამ აქამდე ვერ შეძლო შეემუშავებინა მკაფიო და განგრძობითი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი კონკურენტული ეკონომიკური უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე, იქ, სადაც მაღალი კონკურენციაა და მკაცრი პირობები.

მისივე თქმით, საფრთხის გამოჩენის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ პირველი რიგის ამოცანად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დასახა და საზოგადოების ნაწილის მიერ გადამეტებულად მიჩნეული ღონისძიებები, სინამდვილეში გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა იყო და არის. ეს არაერთმა მაგალითმა
დაამტკიცა.

„დღეს ჩვენ ბეწვის ხიდზე ვართ. ერთი მხრივ – ევროკავშირმა საზღვრები გაგვიხსნა და გვაქვს პერსპექტივა ტურიზმის აღდგენის ხარჯზე შედარებით გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ – გვაქვს საფრთხე გავიუარესოთ დიდი ძალისხმევის ხარჯზე შენარჩუნებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. არავინ იცის, როდემდე ვიდგებით რისკის წინაშე, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პროგნოზი, შეძლებენ თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას და თუ შეძლებენ, როდის? გაყოფილია საზოგადოებრივი აზრიც, რადგან ნაწილისთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მეორე ნაწილს უფრო მეტად ეკონომიკური კოლაფსის ეშინია“, – აღნიშნავს ეკა ბერიძე.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, რადგან იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლიც ახერხებს წარმატებით გაუმკლავდეს პანდემიას, ჩვენზე გაცილებით მდიდარია.

„ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, იცით რატომ? უკვე რამდენიმე წელია ჩემი მეგობრების პატარა სასტუმროს ურეკში, მათი მეგობარი, სომხეთის მოქალაქე ქირაობს. ჩამოყავს თავისი ქვეყნიდან ტურისტები და სრული დატვირთვით ამუშავებს ბიზნესს. ახლა გავიგეთ რომ სერგეი, ანუ ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობრის სასტუმროს ასე კარგად ამუშავებდა, ერევნის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია კოვიდ 19-ის დიაგნოზით…

საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ვერცერთმა მთავრობამ აქამდე ვერ შეძლო შეემუშავებინა მკაფიო და განგრძობითი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი კონკურენტული ეკონომიკური უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე, იქ, სადაც მაღალი კონკურენციაა და მკაცრი
პირობები.

აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ დაუსახავს პრიორიტეტად, ეფიქრა ქართველი ხალხის გენეტიკიდან, ბუნებიდან, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეიძლება პერსპექტივაში იყოს ჩვენი კეთილდღეობის გასაღები. ვგულისხმობ საფუძვლიან, კვლევებზე დაფუძნებულ გეგმას. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საქართველოსთვის საბანკო სექტორის განვითარების შემდეგ, პრიორიტეტად ტურიზმი იქცა, რასაც არაერთი ობიექტური თუ სუბიექტური საფუძველი ქონდა-დაწყებული ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნებით, დამთავრებული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით.

2012 წლიდან სახელმწიფომ გააცნობიერა, რომ საჭირო იყო მეტი ყურადღება დაეთმოთ სოფლის მეურნეობისა და წარმოებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ შევძელით შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია და თითქმის სრულად ვართ დამოკიდებული გარე ტურიზმზე, მათ შორის ყველაზე დიდი, ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან, რომლის პრეზიდენტის განწყობების ცვლილება, როგორც წესი, პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკური ზრდის და კლების პარამეტრებზე.

ამის მაგალითად 2019 წლის ზაფხულიც კმარა, როდესაც უპასუხისმგებლო ტელევიზიის და ჟურნალისტის ქცევას მორიგი ძალის დემონსტრირება, რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შეჩერება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მოყვა. თუმცა ის ზარალი რა თქმა უნდა არ შეედრება ახლანდელ მდგომარეობას, როდესაც კოვიდ 19-მა სრულიად შეცვალა მსოფლიო რეალობა.

ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, იცით რატომ? იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლიც ახერხებს წარმატებით გაუმკლავდეს პანდემიას, ჩვენზე გაცილებით მდიდარია- ლუქსემბურგი 26-ჯერ მდიდარია საქართველოზე მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე, ახალი ზელანდია-9-ჯერ, კვიპროსი-6-ჯერ და ა.შ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი.

საფრთხის გამოჩენის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ პირველი რიგის ამოცანად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დასახა. საზოგადოების ნაწილის მიერ გადამეტებულად მიჩნეული ღონისძიებები, სინამდვილეში გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა იყო და არის ახლაც. ეს არაერთმა მაგალითმა
დაამტკიცა.

გიორგი გახარიამ მთელ გუნდთან ერთად არსებული მდგომარეობიდან და ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ეკონომიკური პრიორიტეტებიც დასახა-საქართველო უნდა გახდეს ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის, ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობებისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით, გამომდინარე იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან, რაც ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ევროკავშირთან
და მეორე მხრივ-ჩინეთთან.

ეკონომიკური პლაცდარმი, ღვინის სამშობლო, აგრარული ქვეყანა, უნიკალური კინომოედანი, ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. თუმცა ამ გეგმების განხორციელებას დრო ჭირდება და ტურიზმი ამ ეტაპზე ისევ რჩება მთავარ მიმართულებად
საქართველოსთვის.

დღეს ჩვენ ბეწვის ხიდზე ვართ. ერთი მხრივ-ევროკავშირმა საზღვრები გაგვიხსნა და გვაქვს პერსპექტივა ტურიზმის აღდგენის ხარჯზე შედარებით გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ-გვაქვს საფრთხე გავიუარესოთ დიდი ძალისხმევის ხარჯზე შენარჩუნებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. არავინ იცის, როდემდე ვიდგებით რისკის წინაშე, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პროგნოზი, შეძლებენ თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას და თუ შეძლებენ, როდის?

გაყოფილია საზოგადოებრივი აზრიც, რადგან ნაწილისთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მეორე ნაწილს უფრო მეტად ეკონომიკური კოლაფსის ეშინია.

როგორ უნდა მოიქცნენ მთავრობა და ეპიდემიოლოგები, რა არის ოპტიმალური გამოსავალი? მითუმეტეს რომ ჯერჯერობით ვერცერთმა ქვეყანამ მოახერხა შეენარჩუნებინა პოზიტიური ეპიდემიოლოგია საზღვრების გახსნის ფონზე. მაგალითები უარყოფითია(პოლონეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი.
მცირე ხნით საზღვრების გახსნა ვერ მისცემს ქვეყანას იმ ეკონომიკურ ეფექტს, რა ზარალიც შესაძლოა ვითარების გაუარესებით მიიღოს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ თანმიმდევრულობას. როგორც აქამდე, გავითვალისწინებთ სხვების გამოცდილებას, პრიორიტეტად დავტოვებთ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ეტაპობრივად, წესების სრული დაცვით, ძალიან ფრთხილად გავხსნით ჩვენს საზღვრებს. პარალელურად შევძლებთ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას-საქართველო სწრაფად უნდა იქცეს იმ მოედნად, სადაც სავაჭროდ ერთმანეთს ევროპა და აზია შეხვდებიან, სადაც ჰოლივუდი გადაიღებს საუკეთესო ფილმებს, სადაც ღვინის სამშობლოში სტუმრობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის პრესტიჟის საქმე იქნება და არასოდეს დაავიწყდებათ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია“ – წერს ეკა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები