ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მუშაობა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კოვიდსიტუაციური პერიოდიდან
“ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტები გაკეთდეს ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.
„დისკუსიის დროს მოხდა აზრების გაცვლა-გამოცვლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტები გაკეთდეს ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ქვეყანაში ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ასეთი საკითხები იყო შეხვედრის დროს დასმული, რათა ფისკალური მიმართულებებით მოხდეს სტიმულირება ადგილობრივ ეკონომიკაზე, შიდა ეკონომიკაზე, ის გაძლიერდეს, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობასა და განვითარებას”, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.