„არ გვინდა პოპულიზმი ამ თემაზე, მჯერა, რომ მეწარმეებისა და ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა, ვინც რეალურ რიცხვებს შეხედავს, თავადვე მივა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და უახლოეს მომავალში მიაღწიოს ტურიზმის მდგრად ზრდას.
„ხშირად ამბობენ, რომ ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში 20%-იანი წილი ჰქონდა, ეს ასე არაა. ტურიზმის წმინდა კონტრიბუცია 10-12%-ის ფარგლებშია. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომაც დიდია დარტყმა. იცით, რომ აღნიშნულ სექტორის შეუმსუბუქდა საგადასახადო ტვირთი ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, თუმცა ეს დახმარებაც ძალიან მცირედია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლად ვერ მოხდება. წელს ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი ხარჯები, რათა ნაწილობრივ მაინც მოვახდინოთ ამ 12%-ის კომპენსირება. ამისთვის დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და დღესვე არ უნდა გამოვეკიდოთ ტურიზმს, რომელიც ამ ნეგატიურ მოვლენას, რასაც გავრცელება ჰქვია, ვერ დააკომპენსირებს, სამაგიეროდ, 2-3 თვეში მივაღწიოთ ტურიზმის მდგრად ზრდას, როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ, მეტნაკლებად, უსაფრთხო მაჩვენებელს და საზღვრები მათთან გაიხსნება. ამიტომ, რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება. ჩვენ ტურისტი გვინდა თუ კორონავირუსი? თუ გვინდა, რომ მხოლოდ კორონავირუსი შეგვრჩეს, ამით ადგილობრივ ტურიზმსაც დავაფრთხობთ, რომელიც დღეს ვხედავთ, რომ აქტიურია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, გაქრება კოვიდი და მერე გავხსნით, როცა აბსოლუტურად ურისკო გარემოში ვიცხოვრებთ… ჩვენ ვამბობთ, რომ საზღვრების გახსნა უნდა იყოს დაბალანსებული, აზრიანი და რაციონალური და არა მათი განცხადებები, ვინც დეტალები არ იცის და ამბობს – აი, ტურიზმი ჩაკეტილია და რომ გაიხსნება, თუ გინდ 8 – 10 ქვეყანა, გვეშველება. უნდა გაიხსნეს ის ქვეყნები და იმ დროს, როდესაც სიკეთე და პოტენციური სარგებელი გადააჭარბებს და გადაწონის რისკს, და არა პირიქით, მხოლოდ რისკი შეგვრჩეს ხელში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.