პროფესიულ განათლებაში სამკერვალო წარმოების ყველაზე დიდი დამსაქმებელი, “აჭარა ტექსტილი” ჩაერთო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობა დაიწყო კომპანია “აჭარა ტექსტილთან”, რომელმაც მკერავ-ოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა და სასწავლო პროცესი დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი კომპანია „აჭარა ტექსტილს“ ეწვია, კურსის მსმენელებს გაესაუბრა და უშუალოდ გაეცნო სასწავლო პროცესს.

კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კომპანიის მენეჯმენტს კვალიფიციური კადრის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„აჭარა ტექსტილი“ სამკერვალო წარმოების ქართულ ბაზარზე ერთერთი მსხვილი დამსაქმებელია და პირველია იმ კერძო კომპანიებიდან, რომელიც, ფორმალური განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე, პროფესიულ მომზადებას 230 მსმენელი გაივლის, რომელთაც სწავლის დასრულების შემდეგ კომპანია დასაქმებას სთავაზობს.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა 2019 წელს შეიქმნა „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე და კერძო სექტორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ ეტაპზე, 40-მდე იურიდიული პირი 192 პროგრამით ახორციელებს ზრდასრულთა სწავლებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები