ნათია თურნავა: უნგრეთის „ექსიმბანკში” საკრედიტო ხაზია გამოყოფილი უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ

„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი სიმბოლურია, რადგან უნგრეთი ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ორივე მინისტრმა ერთნაირი ხედვა დააფიქსირა.

„უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ, ჩვენ მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკში „ექსიმბანკში” სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები