“ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს”
ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ შემუშავდეს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.
“მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ეს არის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაცია საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ 15 ქვეყანა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ არის საქართველო, არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი და მათთან მიმოსვლა და ამ სახელმწიფოებიდან, ანუ საქართველოდან მგზავრების მიღება უსაფრთხოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამას ვაფასებთ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისულფებამ, ისე ჩვენმა მოქალაქეებმა შევძელით, მნიშვნელოვანი შედეგი დაგვედო Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება.
ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს აღიარება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს რეკომენდაცია როგორც იცით არ არის სავალდებულო და თითოეულ სახელმწიფოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აქვს თავისუფლება დააწესოს კონკრეტული პროცედურები მიმოსვლასთან დაკავშირებით. საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებული იქნება იმ პროცედურებთან, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის. ამასთან, არის გარკვეული ლოჯისტიკური, ტექნიკური საკითხები, რომლებსაც, რამდენიმე თვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად გაჩერებულ რეჟიმში ვიყავით, მსოფლიო გაჩერებულ რეჟიმში იყო, სჭირდება მოწესრიგება და მოგვარება. ეს მოლაპარაკებები არის ძალიან ინტენსიური, მოითხოვს ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, რომლებზეც დამატებით კიდევ იქნება მსჯელობა. კონკრეტულ მიმართულებებთან და ვადებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ მოგვიანებით და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხო სახელმწიფოების ჩამონათვალში და როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შემდგომში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს თანმიმდევრული, მეცნიერულ კვლევებსა და ეპიდემიოლოგების რჩევებზე აგებული. ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა დააზიანონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული და მოგვიტანა ასეთი დადებითი შედეგი,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.