4 ივლისი გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა

4 ივლისს მწერალი და ისტორიკოსი, გურამ რჩეულიშვილი დაიბადა. მას 86 წელი შეუსრულდებოდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.
პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი”, „სათაგური”, „სიყვარული მარტის თვეში”, „ნელი ტანგო”, „თვირთვილა”, „უსახელო უფლისციხელი” და „სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს, გამოიცა.

ბიბლიოგრაფია:
„ნელი ტანგო“ : მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, „საარი“, 2005.
მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, გ. რჩეულიშვილის საზ-ბა, 1995.
„იულონი“: ტრაგედია პირველი, დრამატული რომანი, 1958 წლის დეკემბერი (ავტორი). – თბილისი, გ. რჩეულიშვილის საზ-ბა, 1994.
„შაშას რევოლუცია ანუ რევოლუცია ორთაჭალაში „ბამბის რიგზე“ (ავტორი). – თბილისი, 1994.

გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას ნუგზარ წერეთელმა მიუძღვნა წიგნები: „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ“ და „აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენ წინ“. გურამ რჩეულიშვილის სცენარებით გადაღებულია ფილმები – „ალავერდობა”, „უსახელო უფლისციხელი“.
მწერლის ცხოვრება მისივე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით….

ტრაგიკულად დაიღუპა გაგრაში, 1960 წლის 23 აგვისტოს (26 წლის ასაკში), როცა მღელვარე ზღვიდან უცნობი რუსი ტურისტების გადარჩენას ცდილობდა.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას მურმან ლებანიძემ ლექსი მიუძღვნა:

გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა –
მე რა ვიცოდი!
გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდი!
და სანადიროდ,საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!

„ნელი ტანგოა“ ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, – ათასჯერ მორიდებით მკითხეს!…
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
„გურამი დამხრჩვალაო“,-
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს…

აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი,
გურამ,
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი –
შენს კისერს უგავს
კისერი – მშვილდი!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები