ასლან ბჟანია: აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს
„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე სახის კონფლიქტების გაჩაღებით, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენი მომზადების ხარისხი გვაძლევს საშუალებას, მომავალს მშვიდად ვუყუროთ“ , – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა შავ ზღვაში საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობით, მაგრამ, როგორც ის ამბობს, პრობლემა აფხაზეთში არ არის.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს, მის უფლებებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა პოლიტიკამ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
მან მოიყვანა ციტატა საქართველოს ხელისუფლების დოკუმენტიდან: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის დინამიკური განვითარების გზაზე, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ფასებულობაა მშვიდობა.
მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლება მართლაც არის დაინტერესებული მშვიდობით, ის სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს.
„როგორც კი ეს პირველი პუნქტი განხორციელდება, ყველაფერი სულ უფრო კარგად წავა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ, აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დიალოგის საშუალებას მოგვცემს“ , – განაცხადა ბჟანიამ.