“ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით და არა – მართლმსაჯულებისა და სიმართლის დამტკიცებით”

„ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც, ჩემი აზრით, პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანებს შორის, ვინც კრიმინალითა და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი” , – ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი ხაინდრავამ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებასა და გაპრავებას ცდილობენ.
კარგად მახსოვს, რა ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. ბოკერიასთვის ბურჯანაძე დედიან-ბუდიანად რომ კორუფციის სახე იყო, ეს არაერთხელ აქვს გაცხადებული ბოკერიას. მე ვარ დამსწრე იმ შეხვედრისა, სადაც პირდაპირ აქვს ბურჯანაძისთვის ნათქვამი, რომ თქვენი ოჯახის კორუფცია და თქვენი მეუღლის კორუფცია საზოგადოდ ცნობილიაო. იგივე, შალიკო ნათელაშვილი, რასაც ის ლაპარაკობდა, მთელი ეპოპეა იყო ხაზარაძესთან მიმართებით – ეს იყო ყაჩაღი, კრიმინალი, თაღლითი, ადამიანების მძარცველი და ასე შემდეგ. პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები.
​არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომლის გარშემოც შემოკრებილია გარკვეული ინტერესი და, როგორც წესი, ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ იმიტომ, რომ საიდან აქვთ დაფინანსება და რა დაფინანსებით ცხოვრობენ ეს “პოლიტიკური პარტიები”, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რომ ვუხადოთ ფული სიცრუეში, სიყალბეში, ცილისწამებაში. განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ძალიან სახიფათო მოვლენამ, როგორიც არის მედიის გამოყენება. მედიას იყენებენ დღესაც. მაგალითად, წერეთელი – ყველამ იცის, რომ TV1-ის მფლობელი არის თაღლითი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ფიგურირებენ და ამ ფონზე ჩვენ სასამართლოს ეზოში შექმნილი პოლიტიკური პარტიის მოწმენი გავხდით, ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს მსოფლიოს. ყველა მოტივით ხდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნა, მაგრამ სასამართლოს ეზოში რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია, ასეთი რამე მე არ მახსოვს.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით და არა – მართლმსაჯულების და სიმართლის დამტკიცებით. ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით და არა – პოლიტიკის გამოყენებით. ის ჯამი კრიმინალის, კორუფციისა და რაღაც თაღლითობის, რაც ერთად არის თავმოყრილი დღეს და ამის სიმბოლო სისხლის, ბოროტების არის ჟორიკა რურუა, ერთად უპირისპირდება ყველაფერ დანარჩენს, რაც საქართველოში არსებობს. ჩემი აზრით, გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, გუშინწინდელი დღის ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებასა და “გაპრავებას” ცდილობენ დღეს, აი, ამ პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები, რაც სრულიად დაუშვებელია და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქადის”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები