დღეს, 3 ივლისს ამსტერდამში, იურიდიულ კომპლექსს „სხიპხოლში“ 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის სასამართლო განხილვების მეორე ბლოკი სრულდება. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის დაღუპვის საქმეს ჰააგის საოლქო სასამართლო განიხილავს. 2014 წლის 17 ივლისს ავიაკომპანია „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგ-777 ამსტერდამიდან, კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როდესაც დონეცკის მიდამოებში ჩამოვარდა. დაღუპული 298 ადამიანი ნიდერლანდების, მალაიზიის, ავსტრალიის, ინდონეზიის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. ამ საქმეზე დაუსწრებლად ბრალი აქვს წარდგენილი რუსეთის სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეს. აქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოს, რათა ეს ადამიანები და, ასევე, რომელიმე სახელმწიფო ან სამხედრო ფორმირება ამ ტრაგედიაში დამნაშავედ ცნონ, ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაირკვევა. სასამართლო სხდომების დაწყებამდე, „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეს ოფიციალურად გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT) იძიებდა, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკიდან“ გაშვებული „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ამაში ნიდერლანდების პროკურატურაც დარწმუნებულია. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინელ სეპარატისტებს „ბუკი“ რუსეთის სამხედრო ბაზიდან მიაწოდეს. ამ ჯგუფის მიზანია, იპოვონ და დაადგინონ ჯაჭვის ყველა რგოლი – „ბუკის“ ეკიპაჟიდან იმ პირებამდე, რომლებმაც ეკიპაჟს გასროლის განხორციელების ბრძანება მისცეს.
ნიდერლანდების პროკურატურა ამ ეტაპზე 4 ადამიანს უყენებს ბრალს. იგორ გირკინი ( სტრელკოვი) რუსეთის მოქალაქეა, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ФСБ-ს თადარიგის ოფიცერი; რუსეთის მოქალაქე, სერგეი დუბინსკი ГРУ-ს თადარიგის უფროსი ოფიცერია; რუსეთის მოქალაქე, ოლეგ პულატოვი რუსეთის არმიის თადარიგის ოფიცერია; უკრაინის მოქალაქე, ლეონიდ ხარჩენკო კი ДНР-ის სადაზვერვო სამსახურის მეთაურია.
ბრალდებულებიდან მხოლოდ ოლეგ პულატოვი დათანხმდა ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. მის ინტერესებს ორი ჰოლანდიელი და ერთი რუსი იურისტი იცავენ. ნიდერლანდების პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბრალდებულიდან არცერთი მონაწილეობდა რაკეტის გაშვებაში. ოთხივეს ბრალი ედება „ბუკის“ გადატანაში დონბასის ტერიტორიაზე და მსროლელი ეკიპაჟისთვის იმ წერტილის შესახებ მონაცემების მიცემაში, საიდანაც რაკეტების გაშვება საჰაერო სამიზნეების ჩამოსაგდებად შეიძლებოდა.
უპრეცედენტო სასამართლო ნიდერლანდების კანონებით მიმდინარეობს, რადგან დაღუპული 298 ადამიანის უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მოსმენები წელს მარტში დაიწყო და, მნიშვნელობიდან გამომდინარე, პანდემიის მიუხედავადაც, არ გადადებულა. იქედან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ თავისი არგუმენტების წარდგენა დაიწყო, გამოიკვეთა სულ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა უკრაინის აღმოსავლეთით, კონფლიქტის ზონაში 2014 წელს. მაგალითად, მარტის მოსმენების დროს პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთიდან უკრაინაში მინიმუმ ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ იყო გაგზავნილი, მაგრამ ერთერთი მათგანი გზაში გაფუჭდა.
ამ სასამართლოზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტული პირების მოქმედებები, არამედ ის, თუ რა გააკეთა ან არ გააკეთა რუსეთის ფედერაციამ. „დოიჩე ველე“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, მარიკე დე ხუნს პირველი შედეგების თაობაზე სასამართლო განხილვების შესაძლო ვადებსა და რუსეთის შემხებლობის სავარაუდო საკითხზეც ესაუბრა,. „საბრალდებო სკამზე კონკრეტული ადამიანები არიან. თუმცა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ რუსეთის როლზე, ანუ სისხლის სამართლის საქმეში ფიზიკური პირების წინააღმდეგ ასევე საუბარი შეიძლება, იყოს უცხოურ სახელმწიფოზეც. შეგახსენებთ, რომ პროცესის დასაწყისში ბრალდებამ, გამოძიებაში ჩარევის მცდელობის გამო, რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა”, –აცხადებს ექსპერტი, რომელიც პროცესშია ჩართული.
ბრალდების ხაზი როგორც უკრაინის ხელისუფლების მიერ გადაჭერილ სატელეფონო საუბრებზე, ასევე თვითმხილველებისა და მოწმეების ჩვენებებზეა აგებული. პირველი სასამართლო სხდომების დროს წაკითხული იყო რამდენიმე მოწმის ჩვენება, თუმცა – მათი ვინაობის გამხელის გარეშე. პულატოვის ადვოკატები 13 საკვანძო მოწმის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვდნენ, მაგრამ ჰააგის სასამართლომ მოწმეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ალბათ, შემთხვევითია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნიეს, რომ მოწმეების ანონიმურობა ნდობას უკარგავს ჰააგის სასამართლოს. ალბათ, სულაც არა იმიტომ, რომ კრემლში იმისთვის სურდათ ამ მოწმეების ვინაობის გაგება, რათა მუქარებით ან შანტაჟით მათთვის „პირი ამოეკერათ“.
წლებია, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, პროსახელმწიფო მედია რუპორები ეწინააღმდეგებიან ტრაგედიასთან რუსეთის შემხებლობის შესახებ ვერსიას და უწყვეტ პროპაგანდისტულ კონტრშეტევებს აწარმოებენ. მოსკოვი უარყოფს უკრაინელი სეპარატისტებისთვის რუსული „ბუკის“ გადაცემის ფაქტს და სკეპტიკურად არის განწყობილნი გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის მიმართ. რუსი დიპლომატების აზრით, გამომძიებლები მოქმედებენ პოლიტიზირებულად, ცალმხრივად და წინასწარი განზრახვით. ასევე, რუსეთის საგარეო უწყება ითხოვს, გამოიძიონ, რატომ არ დახურა უკრაინამ ფრენებისთვის ცა დონბასზე 2014 წლის 17 ივლისს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ბოინგ MH-17-ის ჩამოგდების დღეს უკრაინამ მართლაც არ დახურა საჰაერო სივრცე დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. არადა, საერთაშორისო წესები, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონებში ფრენების რეგლამენტირებას ახდენს, არ არსებობს. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, სასამართლოს სხვა განხილვის ფარგლებშიც კი არ შეუძლია, განიხილოს ოფიციალური კიევის იურიდიული პასუხისმგებლობა ამ საკითხის ირგვლივ. როგორც ცნობილია, ერაყის, ეგვიპტის, ავღანეთის, მალის, ლიბიის, სირიის თუ სხვა სამხედრო კონფლიქტების დროსაც საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენისთვის კრეისერულ სიმაღლეზე არ დაკეტილა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 16 ივლისამდე რუსეთს არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია იმ თავისი რეგიონების საჰაერო სივრცეში, რომლებიც კონფლიქტის ზონას ესაზღვრება. მაგრამ 17 ივლისის ღამეს, 17 საათით ადრე „ბოინგის“ კატასტროფამდე, რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში 16 კმ-ზე დაბალ ნიშნულზე ფრენები აკრძალა. არსობრივად ეს სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენის აკრძალვას ნიშნავდა. ნიდერლანდების მხარის მოთხოვნაზე „როსავიაციამ“ არ წარმოადგინა იმის განმარტება, თუ რატომ შემოიღეს ეს აკრძალვა სწორედ 17 ივლისის ღამეს. JIT-ის გამომძიებლების აზრით, დისკუსიები უკრაინის აღმოსავლეთში საჰაერო სივრცის არ დახურვის შესახებ, უბრალოდ, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. მთავარი კითხვა და საკითხი კი ერთადერთია – საიდან მოხვდა კონფლიქტის ზონაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – „ბუკი“, რომელმაც 298 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ წლების განმავლობაში უამრავი ის მტკიცებულება თუ ფაქტი გასაჯაროვდა, დადგინდა და ზედაპირზე გამოვიდა, რომელიც ადასტურებს კრემლის პირდაპირ კავშირს როგორც ამ ტრაგედიასთან, ისევე – უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებთან. დღემდე რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფს იმ ფაქტს, რომ სეპარატისტებს ასაზრდოებდა, ეხმარებოდა, წვრთნიდა და მხარს უჭერდა სამხედრო თუ სპეცსამსახურების დონეზეც. ფაქტობრივად, უკრაინაში გათამაშდა იგივე სპექტაკლი, რაც ვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლახან, „ბიბისი“-ს რუსული სამსახურისთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც შესაძლოა, ასევე „ბოინგის“ ჩამოგდების საქმის ერთერთი მთავარი ფიგურანტი გახდეს. „ბიბისი“-ს ცნობით, გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის მასალებში ეს ადამიანი ფსევდონიმით – „ვლადიმერ ივანოვიჩი“ გადიოდა. გადაჭერილ და შემდეგ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებში, „დნრ“-ის წარმომადგენლები ერთმანეთში ვლადიმერ ივანოვიჩს მთელი იმ ოპერაციის მეთაურად იხსენიებდნენ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში ტარდებოდა. იგორ სტრელკოვი კი ამბობდა, რომ სწორედ ვლადიმერ ივანოვიჩის ბრძანებებს ემორჩილებოდა. „ბი-ბი-სი“-სთვის ცნობილი ხდება, რომ ამ სახელის უკან შესაძლოა, იდგეს რუსეთის ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ბურლაკა. ასევე, მრავალ მსგავს სატელეფონო საუბარში ფიგურირებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გვარებიც.
17 ივლისს ექვსი წელი გადის იმ დღიდან, როდესაც უდანაშაულო ადამიანები და, მათ შორის, არაერთი ბავშვიც სიცოცხლეს გამოესალმეს. შესაძლოა, ის დასკვნა, რომელსაც ადრე თუ გვიან ცივილიზებული ევროპული სასამართლო გამოიტანს, კონკრეტულ სახელმწიფოს ძალიან არ მოეწონოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, დაღუპულების ოჯახებმა გაიგონ პასუხი კითხვაზე – ვინ ესროლა 298 ადამიანს რუსული „ბუკი“?
არჩილ ტომარაძე