აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა – 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 55 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 2 739 879 შემთხვევაა.
ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება 50 შტატიდან 37-ში, მათ შორის, ფლორიდაში, სადაც გუშინ 10 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კალიფორნიაში ბოლო ორ კვირაში დადებითმა შემთხვევები 37%-ით გაიზარდა, ჰოსპიტალიზებულთა მაჩვენებელი კი – 56%-ით.
ამ ფონზე, ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, რომელიც ადრე არ მოუწოდებდა მოქალაქეებს ნიღბების სავალდებულო ტარებისკენ, გასცა რეკომენდაცია მათი ტარებისა იმ ოლქებში, სადაც ვირუსის 20-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ ტეხასში 8 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შექმნილი ვითარების კომენტირებისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების მატება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში საუკეთესო და მასშტაბური ტესტირება ტარდება.
3 ივლისის მდგომარეობით, აშშ-ში 128 740 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, 781 970 პაციენტი გამოჯანმრთელდა.