გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის წევრებს ონლაინფორმატში ეუთო-სა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ესაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯომარე, გიგი წერეთელი ონლაინფორმატით ეუთო-ში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰაიკ კონჯორიანს ესაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის თემა შეეხებოდა ეუთო-სა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს; ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.

სომხეთის პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სომხეთში კვლავ მაღალია შემთხვევების რაოდენობა, დღეში რამდენიმე ასეულს აღწევს და ექსპერტების განმარტებით ეს ციფრები ახლოსაა პიკურ მაჩვენებელთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე იმ სავარაუდო მიზეზებზე, რამაც გამოიწვია სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება. შესაბამისად, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხორციელდება ყველა ღონისძიება არსებული შესაძლებლობებით და, პარალელურად, შემუშავებულია რამდენიმე ათეული პროგრამა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა ამ მძიმე პერიოდში მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, რეგიონული ფორმატით. მან აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად ფუნქციონირებს პანდემიის პერიოდში. ჩატარდა ათეულობით დისტანციური კონფერენცია და შეხვედრა ეუთო-ს თემატიკის გათვალისწინებით და რეგიონული დიალოგის სერია ეუთო-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ლიდერებთან, მათ შორის, შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის პარლამეტის სპიკერ არარატ მირზოიანთან.

საუბრის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება და პოსტპანდემიურ პერიოდში ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება.

სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მისამართით მხარდაჭერისა და გაწეული ქმედითი დახმარებისათვის.

დისკუსიაში მონაწილეობდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი – რობერტო მონტელა, ეუთო-ს კოპენჰაგენისა და ვენის ოფისის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები