რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს არჩევნებში მონაწილეთა 77,92 % უჭერს – პუტინი პრეზიდენტად კენჭისყრას შეძლებს

რუსეთის ცესკო-ს ოქმების 99,97%-ის შეჯამების შედეგად, არჩევნებში მონაწილეთა 77,92% ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებებს უჭერს მხარს, 21,72% წინააღმდეგია.

რუსეთში 1-ელ ივლისს დასრულდა 25 ივნისიდან მიმდინარე, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის საყოველთაო კენჭისყრა.

ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის არის ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განულება, რაც ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას მისცემს, კენჭი ისევ იყაროს; ასევე, პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა და საერთაშორისო სამართალზე უფრო პრიორიტეტულად რუსეთის კონსტიტუციის გამოცხადება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლას საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება. ცესკო-ს მონაცემით, არჩევნებში მოსახლეობის 64.99% მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის პრეზიდენტმა იანვარში განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის.

ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ეწურება.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან ის თანამდებობას უკვე მეორე ვადით იკავებს. კონსტიტუციაში შესწორების შემთხვევაში, ის პრეზიდენტად კენჭისყრას ისევ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები