1-ელი ივლისი სერგო ზაქარიაძის დაბადების დღეა

1-ელ ივლისს  სერგო ზაქარიაძე 111 წლის გახდებოდა.
სერგო ზაქარიაძე 1909 წელს დაიბადა და 1971 წლის 13 აპრილს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სერგო ზაქარიაძე იყო საქართველოსა და სსრკ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1945), გიგაური (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი“, 1944), ბახასი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, 1945), მეფე დავითისა (ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, 1946), ბესიკ გაბაშვილისა (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“, 1942).
რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ქადაგი („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, 1961). ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, 1956), შუისკი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“, 1957).
კინოში შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943, სტალინური პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) სერგო ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.
1971 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია.
სერგო ზაქარიაძე მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები