ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტების ანგარიშებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა

„2019 წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 87% შეადგინა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია”, – ამის ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველს დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, რისი საყრდენიც ამ მოწვევის პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობით შექმნა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევებიც.

„იზრდება გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა. 2019 წელს 1067 რეკომენდაცია გაიცა. თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, უკვე მეორე წელია, პარლამენტის მიერ დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2019 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განახორციელა შპს ,,დელოიტ და ტუშმა” და გასცა უპირობო დასკვნა, ანუ აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები, რაც მიუთითებს სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ სამსახურს წარმატებები უსურვა.

დღეს კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები