გოგონა, რომელსაც ბიჭმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შოკშია, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი – რას აცხადებს ექიმი
თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ბიჭმა გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი შეყვარებულები იყვნენ და ამ ქმედებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაშავებული ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონას სხეულის 37% აქვს დამწვარი.
“სხეულის დამწვრობით შემოყვანილი ახალგაზრდა პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა. მას სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი. ამ დრომდე შოკიდან არ გამოსულა, აღენიშნება ქვემო კიდურებისა და ბარძაყების დამწვრობა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა – საყურადღებო. რეანიმაციაში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისათვის, შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.