სოხუმის თეატრის მსახიობი – სერგო პაჭკორია გარდაიცვალა

89 წლის ასაკში სოხუმის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი სერგო პაჭკორია გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობი ნანა ხურითი ავრცელებს სოციალურ ქსელში ინფორმაციას.
„წავიდა და კიდევ ერთხელ ჩვენი ბიოგრაფიის ფურცელიც გადაიშალა…რამდენი სიხარული, გამარჯვება, დამარცხება, ტკივილი,სიხარული გადავიტანეთ ერთად.როგორ მიხაროდა და ვამაყობდი, რომ სოხუმის თეატრის სცენაზე ოთხი თაობა ვიდექით. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ბატონი მიშა ჩუბინიძიდან დაწყებული ჩვენით დამთავრებული. როგორ დაცულად ვგრძნობდი თავს… ოთხი თაობა!
ბატონი სერგო მაშინ უფროს თაობას ეკუთვნოდა. როგორი განცდები ჰქონდა და როგორ გრძნობდა, როგორ გვაფრთხილებდა სოხუმში იმ მიტინგების დროს, რომ შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო  ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდული შემერთებით და აღტყინების გამო ვერ ვხვდებოდით მისი შიშის მიზეზს. თურმე რა მართალი იყო.
თეატრალებს ახსოვთ ბატონი სერგოს შექმნილი სახეები, კულისებში ყველას ჩვენი ადგილი გვქონდა, რომ მისი სცენებისთვის გვეყურებინა (სოხუმის თაეტრში იყო ეს ტრადიცია).
ცარიელდება სოხუმის თეატრის სცენა, კულისები და ტრადიციები, რომლებსაც ეს ბუმბერაზი ადამინები ქმნიდნენ თავისი კაცობით, ქალაქელობით, ადამიანობით. ,,ნეტავ იქ თეატრი არის”? მიშა, ფლორა, თინა, ნორა, გიზო, დათო, ვასო, ჯემალი, ვახტანგი, ზაზა, ომარი, დიმა, კახა … რომელი ერთი ჩამოვთვალო? ნათელი დაადგეს ბატონის სერგოს სულს“, – წერს ნანა ხურითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები