საფრანგეთის ექსპრემიერს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

საფრანგეთის ექსპრემიერს, ფრანსუა ფიონს პარიზის სასამართლომ თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის მიუსაჯა, აქედან სამი წელი პირობითია.

სასამართლომ ფიონის მეუღლე პენელოპას იმავე საქმეზე სამი წელი ასევე პირობითი მიუსაჯა. გარდა ამისა, მეუღლეებმა ჯარიმის სახით €750 ათასი უნდა გადაიხადონ.

გარდა ამისა, საქმეზე დამნაშავედ სასამართლომ ფიონის თანაშემწე, მარკ ჟულოც მიიჩნია და მას ჯარიმის სახით €20 ათასის გადახდა დააკისრა.

ფრანსუა ფიონს 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა, ჟულოს – ხუთი წლით, ხოლო პენელოპა ფიონს – ორი წლით.

გამოძიება მიიჩნევს, რომ ფიონმა ეროვნული საკრებულოს დეპუტატობის დროს მეუღლე თანაშემწედ დანიშნა, სადაც ქალბატონმა 1990 წლიდან – 2013 წლის ბოლომდე უკანონოდ მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ამ დროს, რეალურად, პენელოპას არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ფიონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა, პენელოპას ფაქტობრივი დამსაქმებელი ჟულო გახდა, რომელმაც პრემიერის მეუღლეს შრომითი ანაზღაურება გაუზარდა. ასევე, გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, რომ პენელოპა ფრანსუა ფიონის მეგობრის ჟურნალის, Revue des deux mondes თანამშრომლადაც ირიცხებოდა, საიდანაც ასევე იღებდა ხელფასს და არავითარ შრომას არ ეწეოდა.

ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დროს – 2007 წლის 17 მაისიდან 2012 წლის 10 მაისამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები