გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ
„კატეგორიულად გამოვრიცხავ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ვახტანგ ჩიქოვანის მიერ, ასევე, ნიკა ჟვანიას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, დღეს დღის მეორე ნახევარში ჩაგვბარდება განჩინება და გაცნობის შემდგომ ჩვენ მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარის მსჯელობა კრიტიკას ვერ უძლებს.
„კატეგორიულად გამოვრიცხავ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ვახტანგ ჩიქოვანის მიერ, ასევე, ნიკა ჟვანიას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს – მე კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ მოსამართლის აღნიშნული განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩაგვბარებია, დღეს დღის მეორე ნახევარში ჩაგვბარდება განჩინება და გაცნობის შემდგომ ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებას.
დამტკიცებული არაფერი არის. პროკურატურა ედავება მას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია დაცვის მხარისთვის იმ სტანდარტით დავა და იმ მოცემულობით დავა, რა მოცემულობითაც დღეს ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენს მათ პოზიციას. გუშინდელიდან მოყოლებული ჩვენ ვამბობთ, რომ ბრალდების მხარის მსჯელობა ვერ უძლებს კრიტიკას და ჩვენ აღნიშნულს დავამტკიცებთ მომავალში სასამართლო სხდომაზე”, – განაცხადა ადვოკატმა.