ნათია თურნავა: ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში იმისთვის, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

“ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში იმისთვის, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი შეუპოვარი ბრძოლა კორუფციასთან”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

“თუკი სადმე რაიმე ფაქტი ჩნდება, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორუფციის პრევენცია მომხდარიყო საკანონმდებლო დონეზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თანაბარი პირობები იყოს კანონმდებლობაში, ნებისმიერი ინვესტორის მიმართ, იმისთვის, რომ ბიუროკრატია შემცირდეს. პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ ერთიანი ფრონტოფისი გვინდა გავაკეთოთ სახელმწიფოს ყველა სერვისისთვის, რომ სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესს შორის ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ. კოვიდინფექცია უდიდესი გამოწვევა და თავსატეხია, მაგრამ გარკვეულწილად წაგვადგა იმაში, რომ უფრო მეტად “დიჯიტალიზირებული” და ელექტრონულები გავხდით”, -განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის თანახმად, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები