ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოს საზღვაო აკვატორიაში გაზის მოძიების სამუშაოებს დაიწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A გამოცხადდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV – ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.
“აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია TOTAL თან ერთად ოპერირებს.
OMV Petrom რუმინეთის ყველაზე დიდი და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანია. 2012 წელს OMV PETROM-მა, ExxonMobil-თან ერთად, რუმინეთში, შავ ზღვის საძიებო ბლოკ Neptun-ზე აღმოაჩინა გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო DOMINO -1.
OMV Petrom ოპერირებს 193 კომერციულ ნავთობისა და გაზის საბადოზე, მათ შორის შავი ზღვის წყლებში, კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა მოიცავს ათასობით ჭაბურღილს, მრავალ კილომეტრიან მილსადენებს და ასობით ნავთობისა და გაზის ობიექტს: ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებს, სარეზერვუარო მეურნეობებს. კომპანია ფლობს 860-მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურს და ფარავს რუმინეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10% -ს.
ავსტრიის უმსხვილესი ნავთობკომპანია OMV 1956 წელს დაარსდა. კომპანია OMV-ს საქმიანობა ძირითადად მოიცავს: ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, ელექტროენერგიის წარმოებას. 2019 წლის Forbes -ს მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე 10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიაში დასაქმებულია 20 000-ზე მეტი თანამშრომელი.
OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში. OMV ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობას ძირითადად აწარმოებს ავსტრიაში გერმანიაში და რუმინეთში. გადამუშავებული პროდუქციის მოცულობამ 2019 წელს 24,9 მლნ ტონა შეადგინა. OMV ასევე ფლობს 2100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ევროპის 10 ქვეყანაში”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები