ბექა ოდიშარია: კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება

„კრიზისის მენეჯმენტი მართლაც იყო მისაღები და წარმატებული. განხორციელდა გარკვეული მიმართულებების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. ამან ბევრი ჩვენი კოლეგის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, თუმცა ვეთანხმები, რომ ასეთ დროს საჭიროა სტიმულირება მნიშვნელოვანი სექტორებისა, რომლებიც აგენერირებენ ჩვენი ეკონომიკის ძირითად ნაწილს და რომელთაც აქვთ გადაცემის მაღალი ეფექტი სხვადასხვა სფეროზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ანგარიშს უსმენენ.

„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, არ ჩამომართმევენ სფეროს ხელმძღვანლების კრიტიკაში, მით უმეტეს, ბატონ მიხეილ ჩხენკელთან მაკავშირებს კარგი გამოცდილება პროდუქტიული ურთიერთობისა ამ დარგის მიმართულებით და ვიზიარებ ბატონი გენადი მარგველაშვილის ნათქვამსაც, რომ განათლების სფერომ მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტირება და ტრანსფორმაცია გამოწვევებთან მიმართებაში, თუმცა მაინც გულს გვაკლია კულტურა. მოვისმინე ფინანსთა მინისტრისგან, რომ 20 მლნ ლარით შემცირდა კულტურის სფერო. ყველას გვესმის, რომ ამ ციფრების უკან ხალხი დგას. ხალხი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, შანსი და გამოცდილება, რომ მოახერხონ თავისი საქმიანობისა და აქტივობის დივერსიფიკაცია. კირითხუროდ რომ ვერ იმუშავებენ მსახიობები, კომპოზიტორები და ა. შ. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესა და სპიკერატთან ერთად არაერთხელ გვიმსჯელია ამ თემაზე, რომ მოხდეს ამ მიმართულების სტიმულირება. არ ვგულისხმობ მხოლოდ კომპენსირებას. მესმის, რომ სამუშაოს დაკარგვა ყველასთვის ძალიან ძნელია, მაგრამ არარეალიზებულობა კულტურის სფეროში მოღვაწეთათვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. მზად ვართ, ერთად ვიფიქროთ. თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერისგან ვიცი, რომ არსებობს კონკრეტული დავალება და კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება გაიგებდა იმ ხედვებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც იგეგმება კულტურის მიმართულებით ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები