გიორგი გახარია: ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობას ბენეფიციარები თბილისში ჩამოუსვლელად, რეგიონულ ცენტრებში შეძლებენ
“გრძელდება კერძო სექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, დაწყებული „აწარმოე საქართველოში”, გაგრძელებული სოფლის მეურნეობის ბევრი სხვა პროგრამით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ეფექტურად მუშაობს, რაღაც ეტაპზე გამოჩნდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების სისტემა – ე.წ ფრონტ ოფისები იცვლება და მივა თითოეულ მოქალაქემდე, ყველა დასახლებულ პუნქტში, იუსტიციის სახლების თუ იუსტიციის სამინისტროს სხვა ინფრასტრუქტურის საშუალებით.
„თითოეულ დასახლებულ პუნქტში ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე აიღოს გარკვეული ეკონომიკური რისკები და დაიწყოს ახალი ბიზნესი, დაასაქმოს ოჯახის წევრები, მეზობლები, ექნება შესაძლებლობა, თბილისში ჩამოუსვლელად, თავის ქალაქში თუ რეგიონულ ცენტრში მიიღოს ზუსტად იგივე სერვისები, რომელსაც სახელმწიფო ამ პროგრამების მეშვეობით აწვდის და რომლის მისაღებადაც ის აქამდე თბილისში უნდა ჩამოსულიყო”, – აღნიშნა პრემიერმა.