გიორგი გახარია: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით ვითარდება
“ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე – ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსთან ბრძოლაში კონკრეტული, მიმდინარე დახმარებისთვის, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში გაგვიწიეს. ხაზგასმით მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ დახმარებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და რომლის მატერიალიზებული შედეგია ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც ეპიდემიასთან ბრძოლაში თავისი კონკრეტული და აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის შემდგომი განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიიღო და რომელშიც საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომელთა ფინანსური დახმარება ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც 2020 წლის მაჩვენებლებით, გაზრდილია და შეადგენს 132 მილიონ აშშ დოლარს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, აშშ-თან თანამშრომლობის ახალი განზომილება, რომელზეც სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ, არის ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვსაუბრობთ ვაჭრობის სპეციალურ რეჟიმებზე, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება, გვქონდეს. ეს არის ძალზე საფრთხილო და დეტალურად სამუშაო მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წლის ბოლომდე და შემდგომ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.