პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს საგამოძიებო უფლებამოსილება ენიჭება

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უფლებამოსილება ენიჭება. პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (77 მომხრე) დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და თავდაცვის ძალებს მიენიჭება უფლებამოსილება, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს.

ამჯამად მოქმედი კანონის რედაქციის თანახმად, აღნიშნულ უფლებამოსილებას თავდაცვის ძალებში ახორციელებს სამხედრო პოლიცია.

კანონპროექტის ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექცია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას, ასევე ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, თუმცა მას არ გააჩნია გამოძიების უფლებამოსილება. მთავრობა მიიჩნევს, რომ თუკი გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთება სისხლის დანაშაულის ნიშნები, უმჯობესია, მანვე წარმართოს გამოძიების პროცესი, რადგან საქმის მასალები მის მიერ უკვე შესწავლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები