მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია იმდენად დეგრადირდა, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუას აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სახალხო დამცველს, ეს არის დეგრადირებული პოლიტიკური ძალა”, – ამის შესახებ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს მოუსმინეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა.

„იმდენად დეგრადირდნენ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერად აცხადებენ გიორგი რურუას. სად წავიდა გიგა ბოკერია, რომ პირდაპირ ვუთხრა ციხის ბუნტის დროს როგორ ხელმძღვანელობდა კატეგორიული, დამაჯერებელი, როგორც ახლა გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ლიდერს. ბევრი პრობლემაა, ამ ანგარიშშიც ბევრი პრობლემა ჩანს, თუმცა, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ეს რეალობა შექმნა, შეგვიძლია ამ კრიტიკის მიღება და განვითარებაზე ფიქრი. „ქართულ ოცნებას” შესწევს ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის შეფასებებითა და პოზიციით დაინტერესდა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ევროპული ქვეყნების პოლიცია პარლამენტზე შტურმის დროს.

„მაშინაც აღვნიშნავდი, რომ მმართველი ძალის არცერთ წარმომადგენელს აუგი სიტყვა არ დასცდენია ახალგაზრდების მიმართ. ყველამ შევაფასეთ და ძალიან თვითკრიტიკულიც ვიყავით ამ აქციასთან დაკავშირებით. თუმცა, გულწრფელად მინდა გკითხოთ, როცა 10 ათასი ადამიანი არის შეკრებილი და როცა დაახლოებით 1000-2000 აგრესიული ადამიანი ახორციელებს შტურმს და პირდაპირ თავს ესხმის პოლიციელებს, ხშირად ვყოფილვარ ევროპაში – ვერ წარმომიდგენია, პოლიციაზე თავდასხმის დროს როგორ შეიძლებოდა, სხვანაირად მოქცეულიყო პოლიცია. უფრო მეტად ჰუმანურად მოქცეულიყო, რაც იმ ორი საათის განმავლობაში ითმენდა ამ ყველაფერს. თქვენი შეფასება მინდა კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით”,- მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ნინო ლომჯარიას.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები